shaqrobabua

ჩარლზ დიკენსი - ინგლისის საყმაწვილო ისტორია


24.9

გაზიარება:

 

„ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსის ჩარლზ დიკენსის უაღრესად მდიდარ შემოქმედებაში თავისებურ მარგალიტად მოჩანს ეს ორიგინალური წიგნიც: „ინგლისის საყმაწვილო ისტორია“, რომლის მნიშვნელობაც მრავალმხრივია და განუზომელი. პირწმინდად საგანმანათლებლო დანიშნულების გარდა, ისტორიულისა და ლიტერატურულის, ფილოსოფიურად და ფსიქოლოგიურადაც რომ ძალიან გამოადგება ახალგაზრდა მკითხველს.

ჯერ რომ: ინგლისის ისტორიას გვიყვებიან უძველესი ხანიდან.

და მერე რომ: ვინ გვიყვება.

დიკენსი ხომ ერთი საუკეთესო, წარმტაცი მთხრობელია, რომლის შემოქმედების საკმაო ნაწილიც სწორედ ყმაწვილებისთვისაა გამიზნული, მათთვისაც მოუწყინარ საკითხავად რომ რჩება. ბავშვის სულის მესაიდუმლემ ჩინებულად იცოდა ამ სულის ყოველი კუთხე-კუნჭული და ამიტომაცაა მის რომანებში ამდენი ბავშვი-პერსონაჟი, ცალკე რომ არის დასაწერი მონოგრაფია „ბავშვები ჩარლზ დიკენსის შემოქმედებაში“.

და „ინგლისის საყმაწვილო ისტორიაც“ ვის შეიძლება მოფიქრებოდა, თუ არა „დევიდ კოპერფილდის“ შემოქმედს.

დიკენსს საუკეთესო ისტორიკოსებიც ძნელად შეედრებიან თავისი მშობლიური ქვეყნის ისტორიული მოვლენების ცოდნითა და გააზრებით, და მითუმეტეს – ისტორიის სულის, მისი ფილოსოფიის შეცნობით.

შეცნობა შეცნობად და ეს სული ინგლისური მოდგმისა ხელშესახებად, ჩვეული ენაწყლიანობით მოაქვს არამარტო ბავშვებთან, არამედ ყველა თაობის მკითხველთან, მითუმეტეს – მოაქვს არამარტო ერთი, თუნდ მრავალმხრივ გამორჩეული ქვეყნის თავგადასავალი, არამედ მთელი კაცობრიობის ცხოვრებასაც აირეკლავს... და არამარტო იმიტომ, ინგლისის ბედისწერა უამრავი ხალხისას რომ გადაეჯაჭვებოდა.

XX საუკუნის 30-იანი წლების მიწურულს ვახტანგ ჭელიძე ამ წიგნის ინგლისურ ორიგინალს ხმამაღლა უკითხავდა და იქვე უთარგმნიდა ლადო ასათიანს, რომელიც ოცნებობდა, რომ ოდესმე დაწერილიყო „საქართველოს საყმაწვილო ისტორიაც“, და გულში მის ავტორად თავის თავს იგულისხმებდა.

ამ მხრივაც მეტად მნიშვნელოვანია „ინგლისის საყმაწვილო ისტორია“ –  როგორც თარგი, თუ როგორი სტილითა და გააზრებით, როგორი უბრალოებითა და ექსპრესიით უნდა იწერებოდეს საყმაწვილო ისტორია, და მათ შორის ისტორია ჩვენი დრამატული ქვეყნისაც, როგორ მოიტანო ისტორიის სული ბავშვებამდე და როგორ განაცდევინო ისტორიული მღელვარებანი.“

ინგლისურიდან თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
24.9
ნანახია
2101